ღვინის ისტორია

ქართული ღვინის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს, რომელიც 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება, მას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობასა და ქართულ კულტურაში მის როლზე მეტყველებს.


„საქართველო ღვინის აკვანია“ – ეს სიტყვები, ეკუთვნის ცნობილ ინგლისელ მწერალსა და პუბლიცისტს, ჰიუ ჯონსონს, ლონდონში 1999 წლის 23 ივლისს მუდმივმოქმედი ქალაქი „ვინოპოლისი“-ს, დამაარსებელს. ამის დამადასტურებელი უამრავი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები და ლიტერატურული ძეგლები არსებობს.

ადამიანისა და ვაზის ურთიერთობის უძველეს სათავეებზე მიუთითებს, სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება, ღვინის უნიკალური ჭურჭელი – ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება. ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, «Vitis Vinisfera Sativa-ს» მიაკუთვნეს.

საქართველოში ღვინის კულტურას ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება.

ღვინის შესახებ წერილობითი ცნობები დაცულია ძველბერძნულ,  სპარსულ და ქართულ წყაროებში.

ქსენოფონტე (ძვ.წ.V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო: „სურნელოვანი და საამო“ იყო.

სტრაბონი (ძვ.წ.I ს.) „იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლო“.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად კი, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო საქართველოს ვაზის ლერწმისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც ბევრ მონასტერშია შემორჩენილი ძველი მარნები. ქართველები ღვინოს წმინდა სასმელად მიიჩნევდნენ და ხშირად წმინდანებსაც სწირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს „ზედაშეს“ უწოდებდნენ.

„შენ ხარ ვენახი“ – ასე ერქვა თითქმის 1000 წლის წინ შექმნილსა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელს. შემთხვევით არ არის, რომ გალობის ავტორი, საქართველოს მეფე დემეტრე პირველი, ღვთისმშობელს ადარებს ვენახს – „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებულიო“… ვაზი და საქართველო – ესაა კავშირი, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი Vitis Vinifera Silrestris დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430-მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.

ქართულ ღვინოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინაპირობა რომ დაიკავოს ერთ-ერთი საპატიო ადგილი მსოფლიო ღვინის ბაზარზე. რასაც შემდეგი ფაქტორები განაპირობებს -ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, ტრადიციული მეღვინეობა, რაც ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია უნიკალურია და არ გვხვდება სხვაგან არც ერთ ქვეყანაში და ბოლოს ღვინის სამშობლოს სტატუსი.